სახლი ლურჯი ოთახით და ბაღით- ინტერვიუ თინათინ ჩხიკვიშვილთან

სახლის ინტერიერი გამოკვეთილი ფერებით, უჩვეულო სილამაზით გადმოცემული მცენარეები, ეზო, ნატიურმორტები-ეს ყველაფერი მხატვარმა თინათინ ჩხიკვიშვილმა თავისი ნახატების სერიებში გადმოსცა და ერთ გამოფენაში გააერთიანა სახელწოდებით „სახლი ლურჯი ოთახით და ბაღით“.  მისი პერსონალური გამოფენა 4 ოქტომბერს Vanda Art Gallery-ში გაიხსნა.

გთავაზობთ ინტერვიუს მხატვართან, რომელიც ერთი შეხედვით მარტივ საგნებსაც განსაკუთრებულ ელფერს სძენს.

თქვენი მერამდენე პერსონალური გამოფენაა?

პირველი პერსონალური გამოფენა ბაია გალერეაში  მქონდა,  მეორე  გამოფენა იყო,  ჩემი მეგობრების კაფე BARNOVA-ში,  2007 თუ 2008 წელს. სადაც ბარნოვის ქუჩის სახლები იყო გამოფენილი  და ძალიან მნიშნელოვანი იყო  იმით,  რომ მეგობრების დიდი დახმარებით და მხარში დგომით მოხდა ყველაფერი. ეს გამოფენა მესამეა.

ნამუშევრების ეს სერია რითი განსხვავდება სხვა ნამუშვრებისგან? რა იყო მთავარი ინსპირაცია?

ეს გამოფენა რამდენიმე სერიისგან შედგება  და  ყველგან ის ხატია რაც ჩემს გარშემოა  და რაც მთავარია, სადაც  თავს  ვგრძნობ კარგად. სხვა სურათებისგან განწყობით დიდად მგონი არ განსხვავდება, მაგრამ რატომღაც, ასე ავიკვიატე თავიდანვე რომ არ მინდოდა ცოცხალი ფიგურის გამოჩენა მათში. ვიფიქრე,  ასე მაყურებელი ამ სიუჟეტის მოქმედი პირი გახდებოდა და არა დამკვირვებელი. ეს არის კონკრეტული სივრცეები და შემდეგ მათგან აღებული დეტალები გამოვსახე ცალკე სურათებად, რითაც მინდოდა  ის ადგილები მეტად ხელშესახები გამხდარიყო.

გაქვთ თუ არა რომელიმე გამორჩეულად საყვარელი ნახატი ამ სერიაში?

მაქვს,  წითელი ტახტი. შემიყვარდა იმიტომ რომ  ამ სურათმა „რესტარტი“ გამიკეთა,  მაშინ როდესაც  ეს ძალიან მჭირდებოდა.

ზოგადად რამდენ გამოფენაში მიგიღიათ მონაწიელობა?

20, შეიძლება მეტი. სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაში,  ფესტივალზე მიმიღია მონაწილეობა, ზუსტი ციფრი არ მახსოვს.

რა ჟანრს მიაკუთვნებთ საკუთარ ნახატებს და როგორ მოხდა ამ სტილის ჩამოყალიბება?

ვფიქრობ რომ რეალისტი ვარ, თუმცა შეიძლება ჩემი რეალობა რეალიზმისგან განსხვავდებოდეს.  არასდროს მომიმოქმედებია რამე ხელოვნურად სტილის  შესაცვლელად. ალბათ შთაგონების წყარო მოქმედებს,  მაგალითად, მხატვრები რომლებსაც ვუყურებ და მიყვარს. შემდეგ ისინი აისახებიან სურათებში,  გამიზნული მიბაძვის გარეშე. ყოფილა ეკრანზე კადრი რომელმაც ჩემზე დიდი გავლენა იქონია და ვისაც არ გავუზიარე ყველა გულგრილი დარჩა მის მიმართ.

რისი ხატვა განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას?

სიუჟეტის გამოყოფა გამიჭირდება.  რამდენიმე ფერი  მაქვს ამოჩემებული, მათგან რაღაცნაირი ნახევარტონები გამოდის და იქ თუ დასვი სადაც საჭიროა, გამარჯვებული ხარ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? რაზე მუშაობთ ამჯერად?

გრძელვადიან დაგეგმვას გადავეჩვიე, რადგან ჩემს შემთხვევაში არ ამართლებს, რაც შეეხება ახლო მომავალს, ვგეგმავ დიდ სერიას. უფრო სწორად დავიწყე მუშაობა. თემა ახალი არ არის, მაგრამ რადგან ვერ ამოვწურე, იქნებ დიდ სერიაში მაინც დავიჭირო ის რაც მინდა. ესაა სხვადასხვა ინტერიერები, ჯერჯერობით საცხოვრებელი სახლების, სავარაუდოდ პატარა ფორმატის, მაგრამ მუშაობის პროცესში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს.

რა დრო ეთმობა მხატვრობას თქვენს ცხოვრებაში?

ძალიან დიდი,  თითქმის მთელი დრო როცა არ მძინავს და რადგან თვითდისციპლინაში ოროსანი ვარ,  ეს დრო ქაოტურადაა გადანაწილებული.

ხატვის გარდა კიდევ რამით თუ ხართ დაკავებული?

ყოფითი ამბებით და სხვადასხვა გატაცებებით რომლებიც ხშირად იცვლება. მაგალითად, ბოლოს ყვავილები მაინტერესებდა. ვთესავდი, ვრგავდი,  ვარკვევდი მათ შესახებ რაღაცებს. ბევრი არაფერი გამომივიდა და ბოლოს ისევ სხვისი მოვლილი ბაღი დავხატე. მცენარეები ისევ ძალიან მიყვარს,  მაგრამ დაკავებული ამ საქმით ნამდვილად აღარ ვარ.

რამდენად დიდი პექსექტივებია საქართველოში მხატვრებისთვის, და არის თუ არა რომელიმე კონკრეტული მიმართულება რაც უფრო მეტად პოპულარულია დღეს საქართველოში?

ექსპერტი არ ვარ,  მაგრამ ინტუიცია მკარნახობს რომ არც ერთ ხელოვნების დარგს საქართველოში დიდი პერსპექტივა არ აქვს. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ შესაძლებელია ხატვით იცხოვრო ამ ქვეყანაში და ისიც იმ ადამიანების წყალობით რომელებიც მგრძნობიარეები არიან ამ დარგის მიმართ. სიმართლე გითხრათ,  წარმოდგენა არ მაქვს რა არის დღეს პოპულარული.

 

მსგავსი სიახლეები
2019-10-29T22:57:16+04:00 24-10-2019, 14:11|slider, კულტურა|