ბავშვთა შემოქმედებითი სტუდია და სპა ცენტრი “ტალღა”

ჭრელი და ნათელი ფერები, მოხატული კედლები, ფერადი აუზები, ფანქრები, პასტელები, საღებავები, მოლბერტები-ეს ბავშვებისთვის განკუთვნილი ახალი სივრცეა სახელად „ტალღა“, რომელიც სამხატვრო, ხელოვნებისა და ფოტო  სტუდიას და ამავდროულად სპა ცენტრს აერთიანებს.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების  სტუდიაში მოსწავლეებს ადგილზე მრავალფეროვანი მასალა დახვდებათ.  სტუდიას თამარ ჯაყელი ხელმძღვნელობს, როგორც მან აღნიშნა, „ჩვენი სტუდიის მთავარი მიზანი არის ხელი შევუწყოთ ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბებას. განვუვითაროთ ბავშვებს კრეატიული უნარები. ეს არ არის აუცილებლად მხატვრების აღსაზრდელი, ჩვენ გვსურს  დავუხვეწოთ მათ გემოვნება, გავაცნოთ სხვადასხვა ტიპის ტექნიკა და მასალა, სხვადასხვა მხატვრები, რათა მათ შეძლონ თავად შექმნან საინტერესო პროდუქტი. აქ ისწავლიან ანაბეჭდის ტექნიკას, კოლაჟის ტექნიკას, გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრების შექმნას, იმუშავებენ აპლიკაციის ტექნიკითაც. ასევე ჩვენ გვაქვს ილუსტრირების წრე, რომლის დროსაც ბავშვები გაეცნობიან ქართულ და მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშებს და უკვე ამის შემდეგ შექმნიან ნამუშევრებს. ჩვენ გამოვძერწავთ კიდევაც, იმუშავებენ ძირითადად თიხით. ჭურჭელი გამოიწვება და შემდეგ გაფერადდება. აგრეთვე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს სახელოსნო სტუდიაში კვირაობით  გია ბუღაძე წაიყვანს ხელოვნების ისტორიის კურსს”.

სტუდიას ჰყავს ასევე ფსიქოლოგი, თამარ კიკნაძე, რომელსაც აქვს ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. „ძირითადად ვგეგმავთ მშობლებთან კონსულტირებას, ბავშვებთან გავაკეთებთ ტესტირებებს, თუ გამოვლინდება ასკისდამიხედვით რაიმე ფსიქოლოგიური პრობლემა შევეცდებით სწორი მიმართულება მივცეთ მშობლებს და გავუწიოთ კონსულტაცია. თუ მშობელი ჩათვლის რომ ბავშვს აქვს პრობლემა ან მასწავლებელი ამჩნევს რომ ბავშვი არის ჩაკეტილი, მორცხვი ან ყურადღების დეფიციტი აქვს, ამ შემთხვევაში მე ჩავუტარებ კონსულტაციას, დავადგნეთ მიზეზებს და მაქსიმალურად დავეხმარებით. სტუდიის ბავშვების გარდა კონსულტაციას გავუწევ ნებისმიერ სხვადასხვა  ასაკის ბავშვს, როგორც სკოლამდელს, ასევე სკოლის მოსწვალეს“-თამარ კიკნაძე.

“ტალღა” მოიცავს  ფოტოსტუდიას სადაც  იქნება ორი კურსი,  ერთი დამწყები ფოტოგრაფებისთვის, როგორც საბავშვო ჯგუფი ასევე ზრდასრულებისაც, და მეორე   მოყვარული ფოტოგრაფებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ სტუდიური სერიოზული გადაღება. „მე საერთოდ მთელი ცხოვრება რეკლამით ვარ დაკავებული, აქ იქნება როგორც სარეკლამო გადაღებები ასევე საგნობრივი ფოტოგრაფია, ბავშვების ფოტოგრაფია, საბავშვო პორტრეტები. გვექნება საგნობრივი მასტერკლასები სხვადასხვა თემაზე, სამოდელო მასტერკლასები, საკმაოდ დიდი პროგრამა გვაქვს“-აღნიშნა ფოტოსტუდიის ხელმძღვანელმა მამუკა ხელაშვილმა.

ფერად და თანამედროვედ აღჭურვილ ბავშვთა სპა ცენტრში დაგხვდებათ ინდივიდუალური საცურაო აუზები 1 თვიდან 12 თვემდე ჩვილებისთვის და ასევე დიდი საცურაო აუზი 1-დან 4 წლამდე ბავშვებისთვის, სადაც ცურვის ინსტრუქტორი ინდივიდუალურ გაკვეთილებს ჩაატარებს. თითოეულის ხანგრძლივობა, დაახლოებით, ნახევარი საათიდან 40 წუთამდე გაგრძელდება. ყველა ბავშვი რომელიც ჩავა წყალში აუცილებლად გაისინჯება პედიატრის მიერ. ცურვის შემდეგ შესაძლებელი იქნება მასაჟისტის მომსახურების მიღებაც.

ეს ახალი, მრავალფეროვანი და საინტერესო ბავშვთა ცენტრი არაჩვეულებრივი ადგილია, რომელიც საშუალებას მისცემს მშობლებს, ერთ სივრცეში, შეიყავნონ უფროსი შვილი ხელოვნების სტუდიაში, ხოლო უმცროსი სპა ცენტრში ცურვის გაკვეთილზე. თავად კი დასხდნენ მზიან ვერანდაზე  „ტალღას“ კაფეში და სასიამოვნოდ გაატარონ დრო.

ფოტო: მამუკა ხელაშვილი

მსგავსი სიახლეები
2019-10-29T23:12:01+04:00 22-10-2019, 22:31|Life Style, slider|